ლაგოდეხში, საზღვრის ე.წ. მეორე სექტორზე მესაზღვრე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მესაზღვრის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ს მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვლილი 25 წლის ჯემალ ფარნაოძეა. ის გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში მამიდასთან და მამიდაშვილებთან ერთად ცხოვრობდა. ჯემალ ფარნაოზეს მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედა კი საზღვარგარეთ არის წასული. 25 წლის ახალგაზრდა მესაზღვრედ 7 წლის განმავლობაში მუშაობდა.
შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ჯემალ ფარნაოზემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
“როგორ არ დავწერო, როგორ გავატარო.. მე, მე ვარ ადამიანი, რომელიც ამ წამს ფიქრობს ყველაზე საშინელებას. მე ვარ არარაობა, ის არარაობა, რომელიც ყველამ ერთად მოკალით, მაგრამ იმედი, ხო აი ეგ იმედი არასოდეს დამიკარგავს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. არაფერი არ არის კარგად, პირიქით, გაუარესდა. ადამიანები გაფუჭდნენ. სხვის შეცდომებზე ადვილია ისაუბრო, გააკრიტიკო, დასცინო, ხელი გაიშვირო, მაგრამ ძნელია საკუთარი დაინახო. მეც მასე ვიყავი, ვერასოდეს ვერ ვხედავდი საკუთარ შეცდომებს. რეალურად, იმდენად მარტო ვიყავი, რომ მიმთითებელიც არავინ მყავდა. იმდენად მარტო გავიზარდე, რომ შევცდი, ხო, ბევრს რამეში შევცდი, თქვენში შევცდი. თქვენი მჯეროდა და დავბრმავდი, არავის არაფერში ვადანაშაულებ, ეგ ჩემი ბრალია, მხოლოდ ჩემი. სადამდე მივედი. როგორ შემეშალეთ, როგორ ვერ გაგიცანით, როგორ დავხუჭე ყველაფერზე თვალი. მეგობრებში შევცდი და მხოლოდ ახლა ვაანალიზებ ამ ყველაფერს. ათასჯერ რომ წაიკითხოთ აზრი არ აქვს, სჯობს აქამდე ერთხელ მაინც გეკითხათ, იქნებ მეც ვიყავი ცუდათ, იქნებ მეც მჭირდებოდა მოსმენა. რატომღაც ყოველთვის მე ვიყავი ვალდებული, რომ თქვენზე და თქვენს სიამოვნებაზე მეფიქრა. მე უნდა ვყოფილიყავი ხიდიც და მოაჯირიც. მე უნდა მტკენოდა ყოველთვის და მე უნდა მოვმკვდარიყავი დღეში ათასჯერ და თქვენ არცერთხელ. უკვე იმდენჯერ მომკალით სიკვდილთან ერთად მაცხოვრეთ. აზრიც დაეკარგა ხვალინდელ დღეს, აღარც უღრუბლო ცა იქნება და აღარც მზიანი დღეები. არ იქნება ოჯახი, არ იქნება ბავშვები და არ იქნება ბედნიერება, არც მე არ ვიქნები, მომბეზრდა იმ ჰაერით სუნთქვა, რასაც თქვენ სუნთქავთ. მომბეზრდა ბრძოლა ყოველდღე, მომბეზრდა ჩემი ფიზიკური მდგომარეობა. ყოველდღე სიკვდილი მომბეზრდა, ამდენი სიყალბე მომბეზრდა. თქვენ ჩემი მკვლელები მომბეზრდით…. და მაინც ვფიქრობ, რომ 25 წლის განმავლობაში ჩემს ასაკთან შედარებით საკმარისზე მეტი ვნახე. აღარ მინდა, მორჩა ჩემი არსებობა თქვენს ცხოვრებაში” – წერია პოსტში.