მანდატურების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დაუჭირეს.
შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებმა მანდატურის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით ცვლილებები, სახალხო დამცველის აპარატთან და სხვადასხვა ორგანიზაციასთან კოორდინაციით მოამზადეს. ინიციატორების განმარტებით, ეს ცვლილებები მიზნად ისახავს სკოლებში და მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების გაძლიერებას.
ცვლილებების თანახმად, სავალდებულო გახდება სკოლებში და გარე პერიმეტრზე კამერების დამონტაჟება, რაც აქამდე კანონში სავალდებულო წესით არ ეწერა. ასევე იცვლება მანდატურის მიმართ მოთხოვნები. მანდატურის თანამდებობაზე დანიშვნის წესიც იცვლება- მას დანიშნავს მანდატურის სამსახური და არა სკოლის დირექტორი. გარკვეული უფლებამოსილებები მანდატურს ეზრდება, მაგალითად ექნება მოსწავლის ზედაპირული დათვალიერების და შეყოვნების უფლება.
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის 2018-2019 წლებში 10.6 მილიონი ლარი დაიხარჯება.
განათლების კომიტეტზე კანონპროექტს 15 მაისამდე გაიტანენ.