ჩვენ რუსეთთან კომპრომისულ ნაბიჯებს არ ვდგამთ ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე – ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ გააკეთა. ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურ მოსკოვთან დათმობაზე არ წასულა და არც რაიმე გარანტია მიუცია.
ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის მარია ზახაროვას განცხადებას, პროვოკაციად აფასებს და არ გამორიცხავს, რომ ამ თემაზე მსჯელობა აბაშიძე-კარასინის მორიგ რაუნდზე გაიმართოს.
„სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მხარე რამენაირად აირიდებს თავიდან პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ რუსეთთან არანაირ კომპრომისულ ნაბიჯებს არ ვდგამთ ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. ჩვენი ფორმატი ითვალისწინებს უფრო პრაქტიკული საკითხების განხილვას, მაგრამ ჩვენ იქ არ გავურბივართ, ჩვენი მხრიდან რთული საკითხების წამოჭრას, ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას,“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.