„გვწამს, რომ საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისათვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სემინარის თემა – „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“ ჭეშმარიტად მიმზიდველია, რადგან, მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონი და მისი უსაფრთხოება არასდროს ყოფილა ასე მნიშვნელოვანი.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და გასულ წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, ეს უკვე კონსტიტუციურ დონეზე არის გარანტირებული.
“2016 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათლად იყო ხაზგასმული, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს. გარდა ამისა, აღნიშნული განცხადება კიდევ უფრო გამყარდა კონსტიტუციურ დონეზე გასულ წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის ჩარჩოში. ახლა კონსტიტუცია განსაზღვრავს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, როგორც საქართველოს ყველა კონსტიტუციური ორგანოს კონსტიტუციურ მიზანს.
დღესდღეობით, ევროატლანტიკურიინტეგრაცია მყარად არის გარანტირებული, როგორც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი. იგი გამოხატავს ქართველი ხალხის ღრმა მისწრაფებას და არის ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. მინდა მოგახსენოთ, რომ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც წარმოდგენილი ჰქონდათ პროევროპული და პროევროატლანტიკური პლატფორმა 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, მაშინ როდესაც ყველა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამ კურსს გააჩნია გადამწყვეტი და მზარდი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მიერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.