„აუცილებლად მიგვაჩნია დავის გადაწყვეტამდე დროებითი ღონისძიების შენარჩუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა დადგება სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კრიტიკული დისკურსის გაქრობის საფრთხის წინაშე“, – ნათქვამია ოპოზოცოური პარტიების წერილში, რომლითაც ისინი ევროსასამართლოს „რუსთავი 2“ – ის საქმესთან დაკავშირებით მიმართავენ.
წერილის თანახამდ, ქიბარ ხალვაში არხის საკუთრებისთვის მოდავე მხარეს წარმოადგენს და მისი ქმედებები, მიზნად „რუსთავი 2“- ის სამთავრობო გავლენის ქვეშ მოქცევას ისახავს.
წერილს, რომელსაც 11 პარტიის ლიდერი ხელს აწერს, უცვლელად გთავაზობთ:
“როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა დროებითი ღონისძიების გაუქმების და დავის დამთავრებამდე არხის ქიბარ ხალვაშის კონტროლქვეშ გადაცემის მოთხოვნით.
“გვინდა განვაცხადოთ, რომ ამ მოთხოვნით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის რეალურ მიზანს – ქვეყანას ჩამოაშოროს კრიტიკული აზრის უმსხვილესი გამავრცელებელი. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებულ იქნეს მოთხოვნის დროის კონტექსტიც – იგი ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს, როდესაც კიდევ უფრო მწვავეა კრიტიკული მედიის მნიშვნელობა და როლი დემოკრატიისთვის. აქვე, ხაზგასმით განვმარტავთ, რომ ქიბარ ხალვაში არ წარმოადგენს დამოუკიდებელ მოთამაშეს და უბრალოდ არხის საკუთრებისთვის მოდავე მხარეს. ის არის მთავრობის გავლენის აგენტი და ყველა მისი ქმედება, ისევე როგორც საქართველოს სასამართლო ხელისუფლების საპასუხო მოქმედებები მის მოთხოვნებზე, ინიცირებულია და ორკესტრირებულია ხელისუფლების მიერ და მიზნად ისახავს რუსთავი 2ის სამთავრობო გავლენის ქვეშ მოქცევას.
“ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქართული დემოკრატიისთვის კრიტიკულად აუცილებლად მიგვაჩნია დავის გადაწყვეტამდე დროებითი ღონისძიების შენარჩუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა დადგება სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კრიტიკული დისკურსის გაქრობის საფრთხის წინაშე. თუ დღეს საქართველოში ჯერ კიდევ შეინიშნება დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების ნიშნები და არსებობს პლურალისტური მედია-პლატფორმა ოპოზიციური აზრის გასაჟღერებლად, ეს მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დამსახურებაა, რომელმაც შეაჩერა ხელისუფლების მიერ მართული სასამართლოს გადაწყვეტილება და ამით შეინარჩუნა “რუსთავი 2,” როგორც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია. იმედს ვიტოვებთ, ეს ღონისძიება დავის გადაწყვეტამდე ძალაში დარჩება.
“ახალი საქართველო” – გიორგი ვაშაძე;
“ევროპელი დემოკრატები” – პაატა დავითაია;
“ევროპული საქართველო” – დავით ბაქრაძე;
“ეროვნულ დემოკრატიული პარტია” – ბაჩუკი ქარდავა;
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ნიკა მელია;
“თავისუფალი დემოკრატები” – შალვა შავგულიძე;
“ლეიბორისტული პარტია” – შალვა ნათელაშვილი;
“მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – ნიკა მაჭუტაძე;
“პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლება” – კონსტანტინე გამსახურდია;
“რესპუბლიკური პარტია” – ხათუნა სამნიძე;
“სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის” – ზურა ხარატიშვილი.”