„მაუწყებლის შესახებ“ კანონის შეცვლა „გაზრდის არხის მენეჯმენტის ძალაუფლებას, შეასუსტებს ბორდს, გაზრდის კორუფციის რისკებს და შეასუსტებს თანამშრომლების დაცვის მექანიზმს“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, მედია ხედვების ფართო სპექტრს აშუქებდა, თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელმძღვანელობის შეცვლასთან ერთად, სამი ტელეკომპანიის გაერთიანებამ მედიაპლურალიმზმი შეამცირა და გაზარდა აღქმა, რომ მედიასივრცე მმართველი პარტიის სასარგებლოდაა კონცენტრირებული.
„თავისუფალი მედია ძალიან აქტიური იყო და ხედვების ფართო სპექტრს აშუქებდა. თუმცა, სამი ტელეკომპანიის – „მაესტროს“, „იმედისა“ და „ჯი-დი-ეს”-ის გაერთიანებამ, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელმძღვანელობის შეცვლასთან ერთად მედიაპლურალიზმი შეამცირა და გაზარდა საზოგადოებაში აღქმა, რომ მედია სივრცე კონცენტრირებულია მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
4 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში 29 არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტიდან ფინანსირებად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში მთავრობისა და ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული პირების გავლენა იზრდება“, – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
იმავე ანგარიშის თანახმად, „მაუწყებლის შესახებ“ ცვლილებები გამოწიევევს არხის მენეჯმენტისა და კორუფციის რისკების ზრდას და ბორდისა და თანამშრომლების დაცვის მექანიზმის შესუსტებას.
„აღნიშნული ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა 22 დეკემბერს დაამტკიცა და რომელიც წლის ბოლოს პრეზიდენტის მხრიდან თანხმობას ელოდება, როგორც მოსალოდნელია, გაზრდის არხის მენეჯმენტის ძალაუფლებას, შეასუსტებს ბორდს, გაზრდის კორუფციის რისკებს და შეასუსტებს თანამშრომლების დაცვის მექანიზმს“, – ნათქვამია ანგარიშში.