ჯორჯ სოროსის „ფონდი-ღია საზოგადოება“ ბუდაპეშტში მოქმედ ოფისს ხურავს და აღმოსავლეთ ევროპისთვის განკუთვნილ ოპერაციებს ბერლინის ოფისში გადაიტანს. ინფორმაციას ამერიკული მაუწყებლობა CNBC უნგრულ და ავსტრიულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სოროსის „ფონდი-ღია საზოგადოება“ უნგრეთის დედაქალაქში მოქმედ ოფისში მუშაობას 31 აგვისტოს შეწყვეტს და ჯერ ვენაში, შემდეგ კი ბერლინში გადაინაცვლებს.
ბუდაპეშტში და ნიუ-იორკში არსებული ე.წ. სოროსის ფონდის ოფისები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
როგორც ცნობილია, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრული წარმოშობის ამერიკელი ფინანსისტის და ქველმოქმედის, ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ კამპანია „შეაჩერე სოროსი“ წამოიწყო და ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები საკანონმდებლო წნეხით შეავიწროვა, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.