საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ უმრავლესობის სხდომის გადადების კომენტირებისას განაცხადა, რომ ინფორმაციას არ ფლობს მომავალ კვირაში გაიმართება სხდომა თუ შემოდგომაზე, მაგრამ რაც უფრო გადაიდება, მით უფრო გართულდება პროცესები. პრობლემა არ უნდა დააძინო, პრობლემას უნდა უმკურნალო და გადაჭრა.
როგორც ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, უმრავლესობამ ემოცია უნდა გადადოს და შეხვედრა გაიმართოს.
„მიზეზები არ დაილევა, ვიღაც მივლინებაშია, ვიღაც საქეიფოდ არის, ვიღაც უქეიფოდ, როგორც ცნობილ ფილმშია. ვიღაც ავად არის და შეუძლოდაა, ასე სად წავალთ. ამიტომ, ერთი დღე უნდა დაინიშნოს და იმ დღეს ყველამ მაქსიმალური მობილიზაცია უნდა მოახდინოს იმისათვის, რომ უმრავლესობის ენერგია ამომრჩეველზე დავხარჯოთ. თუ ემოცია ვერ გადავდეთ და პრობლემებს საქმიანად არ მივუდექით, მაშინ სეირი იქნება და მხოლოდ თქვენთვის იქნება საინტერესო, შედეგის თვალსაზრისით კი დამაზიანებელი იქნება. ამ შეხვედრაზე ყველა უნდა მივიდეს რომ შედეგი დადგეს“, – განუცხადა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს.