აზიური ფაროსანას შესაწამლმა პრეპარატმა გურიაში კაცი იმსხვერპლა.
“კურიერის” ინფორმაციით, სოფელ შემოქმედში უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც თემურ ონიანი სპეციალური ხსნარით საკუთარ სახლის სხვენს ამუშავებდა. რა პრეპარატი გამოიყენა და სად შეიძინა პესტიციდი გარდაცვლილმა, ოჯახისთვის უცნობია. ონიანის ნათესავები იხსენებენ, რომ ფხვნილის წყალში გაზავების შემდეგ, მან სხვენის დამუშავება დაიწყო, პროცესში კი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში, სავარაუდოდ ძლიერი ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.
იყიდება თუ არა ქართულ ბაზარზე ადამიანებისათვის სახიფათო პრეპარატები, მთავარ კითხვას პასუხი ექსპერტიზამ უნდა გასცეს. ფხვნილი, რომელიც გარდაცვლილმა გამოიყენა, სამართალდამცველებმა ექსპერტიზაზე წაიღეს. დასკვნის მიხედვით დადგინდება, იყო თუ არა პესტიციდი ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი, რომელიც სახელმწიფომ შეიძინა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამტკიცებენ, რომ პრეპარატი, რომლითაც მამაკაცმა სახლი დაამუშავა, მათ მიერ გაცემული არ იყო. უწყების განმარტებით, ყველა პრეპარატი, რომელსაც სახელმწიფო ფაროსანას წინააღმდეგ იყენებს, უსაფრთხოა.
ექსპერტიზის შედეგს ელოდება ჯანდაცვის მინისტრიც. დავით სერგეენკო მოსახლეობას პრეპარატების მოხმარების დროს რეკომენდაციის გაცნობისკენ მოუწოდებს.
მავნებელი მწერის წინააღმდეგ ხელისუფლების პოლიტიკა დღეს მწვავედ გააკრიტიკეს პარლამენტში. ოპოზიცია გურიაში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა. ხელისუფლების ოპონენტები მთავრობას მოსახლეობის არაინფორმირებულობაში ადანაშაულებენ.
გურიაში მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.