ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს, პანკისის ხეობაში ადგილობრივები აქციას გამართავენ

დღეს, პანკისის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა აქციას გამართავს. როგორც სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა “მეტრონომს” განუცხადა, აქციის გამართვა მთელი ხეობის ინიციატივაა და მათი მოთხოვნები იქნება თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობა და ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, ასევე იმ ადამიანების დასჯა, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ სპეცოპერაციას.

“მე სრული ინფორმაცია არ მაქვს, რადგან ეს არის მთელი ხეობის ინიციატივა, რომ საპროტესტო აქცია გაიმართოს. რაღაც მოთხოვნები ექნებათ და თუ არ გაითვალისწინებს ხელისუფლება, ალბათ შემდეგში თბილისში გამართავენ. როდის და როგორ არ ვიცი. დასაწყისიდანვე აქციებთან დაკავშირებით ესენი ყოველთვის მთხოვდნენ, რომ  ჩავიდეთ თბილისში, გავმართოთ აქციაო. საზღვარგარეთიდანაც, ყველა მხრიდან მირეკავდნენ, რომ  გამართეთ ეს აქციებიო. გადაწყვიტეს ხეობის მაცხოვრებლებმა, რომ ხეობაში, პირველად დუისში გამართონ აქცია. ის მოთხოვნები, რაც მე მაქვს, ეს მთელი ხეობის მოთხოვნაა – თემირლანი უდანაშაულოდ ცნონ და ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს, ასევე დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც თავში იყვნენ ამ სპეცოპერაციის” –  განუცხადა “მეტრონომს” მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პანკისის სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი ორკვირიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ გარდაიცვალა. მას საკუთარ სახლში, საძინებელ ოთახში სპეცრაზმმელმა ესროლა. მაჩალიკაშვილს გამოძიება ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს და ხელშეწყობას ედავებოდა.

იტვირთბა....