ფრანგული მედიის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ფრანგული მხარე საბერძნეთში დაკავებული ქართველი “კანონიერი ქურდის” ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადირებას ითხოვს.
მათივე ცნობით, საფრანგეთში ძებნილი ქართველი “კანონიერი ქურდი” ლაშა შუშანაშვილი სალონიკში, ორ სხვა ეჭვმიტანილთან ერთად აიყვანეს. როგორც ფრანგული მედია იუწყება, ლაშა შუშანაშვილი საბერძნეთში 2012 წელს ნარკოტიკების, იარაღისა და ძვირფასეულობის კონტრაბანდისა და საერთაშორისო მაფიოზური დაჯგუფების ხელმძღვანელობის ბრალდებით გაასამართლეს და 14 წელი მიუსაჯეს. საბერძნეთის სასამართლომ საქართველოსა და ესპანეთს ექსტრადიციაზე უარი უთხრა, თუმცა ლაშა შუშანაშვილი 2016 წელს გაათავისუფლა.
ლაშა შუშანაშვილი საფრანგეთის მიერ გაცემული ევროპული ორდერის საფუძველზე გუშინ დააკავეს და მისი საფრანგეთში ექსტრადირების საკითხს სალონიკის პროკურატურა განიხილავს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ოთხი ქართველი „კანონიერი ქურდი“: საბერძნეთის ქალაქ სალონიკში – ე.წ. კანონიერი ქურდი, 1961 წელს დაბადებული ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად „ლაშა რუსთავსკი“; საფრანგეთის ქალაქ მონტობანში – ე.წ. კანონიერი ქურდი, 1974 წელს დაბადებული ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად „სიუ“. საბერძნეთის ქალაქ ათენში – ე.წ. კანონიერი ქურდები: 1989 წელს დაბადებული ნოდარ შუკაკიძე, მეტსახელად „ნოდო გლდანსკი“ და 1962 წელს დაბადებული მერაბ ასანიძე, მეტსახელად „ჩიკორა“.