ცხინვალის რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა კომენტარი გააკეთა.
მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ტატუნაშვილის ცხედარი გვიან გადმოასვენეს საქართველოში, ექსპერტიზის ჩატარებას ართულებს.
“ის ფაქტი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მოხდა დაგვიანებით, თავისთავად ართულებს ექსპერტიზის ჩატარებას და სრულფასოვანი პროცესის წარმართვას. ბუნებრივია ველოდები, რომ ამ დღეებში იქნება პირველადი შედეგები, რომელიც გამოძიებისთვის არის საკვანძო და ყველაზე მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ გამოძიება წარიმართოს და ჩვენ როგორც ადრე მოგახსენეთ ყველა მექანიზმს და ფორმატს გამოვიყებთ იმისთვის, რომ გამოძიება მაქსიმალურად ეფექტურად იქნას ჩატარებული. ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე სწორედ ეს არის” – თქვა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 16 აპრილს არჩილ ტატუნაშვილის მამას მცხეთის რაიონულ პროკურატურაში საქმის მასალები გააცნეს. პროცესი 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადვოკატის თქმით, ტატუნაშვილის ცხედარს ორგანოები ამოცლილი აქვს, რის გამოც შეიძლება გართულდეს მისი დაღუპვის მიზეზების დადგენა.