საბურთალოს რაიონში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, დღეს ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც თბილისში, სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ არის მიმართული.
„დღეს ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. ეს არის ახალი სატრანსპორტო კვანძი, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე. ამ პროექტის განხორციელება დაახლოებით, 2 მილიონ 700 ათასი ლარი ეღირება. სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის განხორციელების შედეგად, ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა, რომელიც აღნიშნულ ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას უზრუნველყოფს, განტვირთავს საცობებს საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში და ტრანსპორტის გადაადგილების დროს შეამცირებს. მსგავსი პროექტები მიმართულია იმისკენ, რომ მოქალაქეების კომფორტი და მათი ურბანული საჭიროებები ქალაქში მოწესრიგდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტი, მასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების მიუხედავად, აუცილებლად უნდა განხორციელდეს.
„შეიძლება გაჩნდეს კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ნამდვილად ვერ დავრჩებით ისე, როგორც ეს 50 წლის წინ იყო, როცა დედაქალაქში რამდენიმე მანქანა დადიოდა. გვიწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. მხოლოდ ახალი სატრანსპორტო კვანძების მშენებლობით, არსებულ სატრანსპორტო, მათ შორის, საცობების პრობლემებს ვერ გადავჭრით, თუმცა ამ მხრივ, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. როდესაც ვსაუბრობთ ქალაქის საჭიროებებზე, შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული მშენებლობების შეჩერება, ნებართვების გაცემაზე უარის თქმა, ასევე, ხეების გადარგვა და მოჭრა”,-განაცხადა “მეტრონომთან”.