სომხეთში გამოსვლები გრძელდება. საპროტესტო მოძრაობის ლიდერის მოწოდებით, დღეს პარლამენტის ბლოკირება უნდა მოახდინონ. ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა მომხრეებს, რომლებიც სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრობას ეწინააღმდეგებიან, დღეს პარლამენტის შენობისკენ სვლა მოუწოდა. “დაბლოკე ქუჩები” – ასეთია სლოგანი, რომლითაც დღეს სომხეთში გამომსვლელები ხელმძღვანელობენ.
შეგახსენებთ, გუშინ სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 სამართალდამცველია.
მოქალაქეები ქვეყნის პრემიერის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას ეწინააღმდეგებიან. მისი კანდიდატურა მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ და მისი კოალიციური პარტნიორის, „დაშნაკ ცუტუნის“ საპარლამენტო ფრაქციებმა წარადგინეს.