ორი წლის წინ გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე დაღუპული 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმის განხილვა 25 აპრილს სააპელაციო სასამართლოში განახლდება. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.
ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელმაც გუდაურში მომხდარ შემთხვევაში 18 წლის გიორგი ლიპარტელიანი უდანაშაულოდ ცნო. ადვოკატის, გოჩა ქორაიას თქმით, გიორგი ლიპარტელიანმა სრიალის დროს წინდახედულობის ნორმები არ გაითვალისწინა, სრიალის სისწრაფე ვერ შეუფარდა არსებულ პირობებს და ტრასის დატვირთულობას, რასაც უბედური შემთხვევა მოჰყვა.
პროცესზე დაცვის მხარემ საპირისპირო პოზიცია დააფიქსირა. ადვოკატებმა პროცესზე განაცხადეს, რომ სალომე ტატიშვილის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა მაშველების მიერ ჩატარებული ხელოვნური სუნთქვა ყოფილიყო და არა შეჯახება. რაც კატეგორიულად მიუღებელია ტატიშვილების ოჯახისთვის.
2016 წელს გიორგი ლიპარტელიანი 12 წლის სალომე ტატიშვილს გუდაურში ერთ-ერთ სასრიალო ტრასაზე შეეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე დაიღუპა.