„2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და მთლიანი შიდა პროდუქტის 8.7 პროცენტი შეადგინა“- ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცახდა.
ეკონომიკის მინისტრმა სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრის შემდეგ ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორებზე ისაუბრა. „2017 წელი ჩვენ 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება პროგრამის დაწყების პერიოდისათვის არსებულ პროგნოზებს“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორი კვირის განმავლობაში შეხვედრებს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან მართავდა.
ქუმსიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველ როლს კერძო სექტორი ასრულებს. ბიზნესმა 2017 წლის განმავლობაში 39 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. იმავე პერიოდში ბრუნვები კერძო სექტორში წლიურად 19 %-ით გაიზარდა.
ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად იზრდება საგარეო შოკებისადმი მდგრადობა და მცირდება საგარეო მოწყვლადობა.
„აღნიშნული შეფასების გაკეთების საშუალებას გვაძლევს მიმდინარე ანგარიშის ბალანსის პოზიტიური დინამიკა. 2017 წელსმიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და მთლიანი შიდა პროდუქტის 8.7 პროცენტი შეადგინა“, -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულება ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას.
“საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წარმატებით იქნა შეფასებული ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა, რომელთა უმრავლესობა გაწერილია ჩვენს პროგრამაში სავალუტო ფონდთან. მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2017 წელს დაფიქსირდა საქართველოში და გრძელდება 2018 წელს, მტკიცე საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ შესრულდეს მთავრობის მიერ აღებული ყველა ვალდებულება და შენარჩუნდეს წარმატებული პროგრესი რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებით, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.