ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შინაური ცხოველების – ძაღლისა და კატის ყოლის წესი დაამტკიცა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
ოზურგეთის ტერიტორიაზე, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში, საბმელის ან ალიკაპის გარეშე ძაღლის ყოლა აკრძალულია.
ძაღლის ან/და კატის მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია: ძაღლი ან/და კატა იყოლიოს იზოლირებულ ტერიტორიაზე (ეზო, მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი) ან დაბმულ მდგომარეობაში ამავე ტერიტორიაზე ისე, რომ არ დაარღვიოს სანიტარიული ნორმები.
არ დაუშვას შინაური ცხოველის (ძაღლის/კატის) იზოლირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაშვება და დატოვება;
არ დაუშვას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში შინაური ცხოველის მიერ მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და განადგურება.
ძაღლის სეირნობისას უზრუნველყოს გარშემომყოფთა უსაფრთხოება, არ დაუშვას მისი უმეთვალყურეოდ დატოვება. უზრუნველყოს ძაღლის/კატის ცოფზე აცრა.
წესის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის და 151-ე მუხლის შესაბამისად.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება დღეს ამოქმედდა