სააპელაციო სასამართლოში გოგა ონიანის საქმის განხილვა 17 აპრილამდე გადაიდო. ამის მიზეზი საპროცესო შეთანხმებაში არსებული უზუსტობა გახდა. შეთანხმების თანახმად მსჯავრდებულმა ბრალი აღიარა, თუმცა არა უფლებამოსილების გადამეტების ეპიზოდზე. სწორედ ამ საკითხს განიხილავენ 17 აპრილს.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების მიხედვით გიორგი ონიანმა ბრალი სრულად აღიარა. შეთანხმების მიხედვით, მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებაში მისჯილი 4 წლისა 6 თვის ნაცვლად მხოლოდ ორ წელს გაატარებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ გოგა ონიანს გასული წლის 7 ნოემბერს 4 წლითა და 6 თვით ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
მას 2011 წელს, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობის დროს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ორი პირის უკანონოდ დაკავებასა და მათთვის ნარკოტიკული ნივთიერებების ჩადებაში ედებოდა ბრალი.