ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილ გოგი რაფავას დღეს დაკრძალავენ. 15:00 საათზე გარდაცვლილს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. სამძიმარზე მივიდა კომპანიის ხელმძღვანელობა, თუმცა მათ მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
ტყიბულის მერი თეიმურაზ ჩუბინიძის აზრით, უსაფრთხოების ნორმების კუთხით შახტში ვითარება გამოსასწორებელია.
,,ბოლო ორი წლის განმავლობაში სერიოზული ტრაგედიები დატრიალდა ჩვენს ქალაქში. კაცმა ჭირი მალა და ჭირმა თავი არ დამალაო- ეს იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც შესაცვლელია კომპანიაში შრომის უსაფრთხოებისა და დისციპლინის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ბევრს აკეთებს სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად, ამ ეტაპისათვის რაც შეიძლებოდა ყველაფერი გაკეთებულია, მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერი არ არის იმ დონეზე, რასაც შრომის უსაფრთხოება მოითხოვს და რასაც სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოება მოითხოვს. როგორც ჩანს რაღაც თემები კიდევ არის დასალაგებელი და დასაზუსტებელი”, – თქვა ტყიბულის მერმა თეიმურაზ ჩუბინიძემ.
შეგახსენებთ, რომ მინდელის შახტში ტრაგედია 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა. შედეგად დაიღუპა 6 მუშა. 3 დაშავდა. მომხდარის გამო, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ბოლო 11 თვეში ტყიბულის შახტში 11 მეშახტე დაიღუპა.