ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პაპავა: პუტინი სირიაში უკან არ დაიხევს და საკუთარ ინტერესებს ყველაფრის ფასად დაიცავს

 

ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი ვასილ პაპავა „მეტრონომთან“ მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს. მისი თქმით, სირიის კონფლიქტში გამარჯვებული ჯერჯერობით რუსეთი და ირანია, რადგანაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი კვლავ სათავეშია. ხოლო სირიის საკითხი ყველაზე საშიში ისარაელისთვის და საუდის არაბეთისთვის არის.

პაპავა ფიქრობს, რომ დასავლეთის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა, ირანის გეოპოლიტიკური ამბიციების გაზრდა გამოიწვია და თეირანმა გავლენის არეალის გაფართოება შეძლო. ექსპერტი ამბობს, რომ ირანს ახლა ავღანეთშიც და ერაყშიც საკმაოდ ძლიერი გავლენა აქვს (როდესაც სადამ ჰუსეინის და თალიბანის რეჟიმების დროს ამდენს ვერ ახერხებდა). ამიტომაც, ირანი, რეგიონში შიიტური მოსახლეობის დაცვის მიზნით საკუთარი ინტერესებს იცავს. რომ არა ირანის სახმელეთო ჯარები („ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ს ნაწილები, ლიბანური “ჰეზბოლა”-ს მებრძოლები, შიიტი მოხალისეები ავღანეთიდან “ლივა ფათემიუნი” და პაკისტანიდან “ლივა ზაინაბიუნი”), პაპავა ფიქრობს, რომ სირიაში ასადი საკუთარი მმართველობის შენარჩუნებას ვერ შეძლებდა.

ექსეპრტი აცხადებს, რომ ახლა ქიმიური იარაღის გამოყენების საბაბით დასავლეთის მხრიდან სირიაში კონფლიქტის დაწყება მხოლოდ და მხოლოდ მიზეზია, რადგანაც მსგავსი იარაღის გამოყენება 2013 წელს თავისი ფატალური შედეგებით უფრო მასშტაბური იყო, თუმცა რუსეთის ჩარევის შემდეგ დასავლეთმა ვერ გაბედა სამხედრო გზით სირიის ხელისუფლების შეცვლა, როგორც ეს ლიბიაში მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემთხვევაში მოხდა.

„სირიაში არტირელიით და ავიაციით გაცილებით უფრო ბევრი ადამიანი იღუპება ვიდრე ქიმიური იარაღის გამოყენებით და ამაზე არ ხდება სათანადო რეაგირება. ანუ აქ ქიმიური შეტევა არაფერ შუაშია, ეს არის მხოლოდ საბაბი, რომ რუსეთის ახლო აღმოსავლეთიდან გამოძევება გახდეს შესაძლებელი, ასევე ასადის ხელისუფლების დამხობა მოხდეს და ირანის გავლენა რეგიონში შესუსტდეს, რაც ირანისთვის ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელს სამუდამოდ ჩაკეტავს“.

რაც შეეხება რუსეთის რეაქციას, რა თქმა უნდა, ის აუცილებლად შეეცდება, რომ თავისი პოზიციები დაიცვას. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ ისინი რეგიონში აუცილებლად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი, როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური, ასევე სამხედრო ძალებით. რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური შესაძლებლობები დასავლეთთან შედარებით გაცილებით სუსტია, თუმცა აქ სხვა ფაქტორია – რუსეთი ყველაფრის ფასად შეეცდება, რომ თავისი ერთადერთი სამხედრო ბაზა (ტარტუსის ბაზა, „ჰმეიმიმი“-ს ბაზა) შეინარჩუნოს. პუტინს უკან დახევის საშუალებას თავად მისივე გენერლები არ მისცემენ. რუსეთის სირიიდან გაძევება თუ მოხდა, პუტინის მმართველობის სტილიდან და პიროვნებიდან გამომდინარე ის წაგებულ სიტუაციაში ვერ დარჩება. არ შეეგუება რეგიონში დამარცხებულის სტატუსს და შეეცდება ეს გეოპოლიტიკური მარცხი აინაზღაუროს სხვა რეგიონში, თუნდაც სამხრეთ კავკასიაში გააქტიურებით. ეს უფორ ნერვების ომი იქნება, ბრძოლა წავა ნებისყოფაზე.

„ვ. პუტინის მთავარი ბრძოლის იარაღი – ძალისმიერი დიპლომატიაა, ქვეყნის შიგნით კი ის სამხედრო ბლოკს ეყრდნობა. ის ყველაფერს ძალის დემონსტრირებით აკეთებს. რუსეთს ეკონომიკური მომხიბვლელობა არა აქვს, ამიტომაც ყველაფერს სამხედრო კუთხით აგვარებს. უფრო ვფიქრობ, რომ დიდი სახელმწიფოები რაღაც საკითხებზე შეთანხმდებიან. კარიბის კრიზისი, რომ გავიხსენოთ, მაშინ საბჭოთა კავშირმა აშშ-ს ყურის ძირში ბალისტიკური რაკეტები განალაგა და მაშინ ამერიკა დათბომებზე წავიდა (თურქეთიდან თავისი რაკეტები გაიტანა). თუმცა, ამ სიტუაციაში ვინ რა დათმობებზე წავა უახლესი დრო გვიჩვენებს. ამიტომ მგონია, რომ მაინც დაპირისპირება მესამე მსოფლიო ომამდე არ მივა“, – აცხადებს „მეტრონომთან“ პაპავა.

იტვირთბა....