2014-2017 წლებში, აფხაზი და ოსი პაციენტების სამედიცინო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარვის პროგრამის ფარგლებში სულ 16,935,074.81 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი” „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (idfi) კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ idfi-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2014-2017 წლებში სახელმწიფო სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პაციენტებს შორის უფრო მეტი იყო აფხაზი -3,595, ვიდრე ოსი – 2,650. შესაბამისად, აფხაზი პაციენტების სამედიცინო მომსახურებაზე უფრო მეტი თანხა დაიხარჯა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში აფხაზ პაციენტებზე – 9,759,689 ლარი, ხოლო ოს პაციენტებზე – 8,098,078 ლარი გამოიყო.
2014 წელს – აფხაზ პაციენტებზე – 1.5 მილიონი ლარი; ოსებზე – 1.7 მილიონი ლარი; 2015 წლის მონაცემებით აფხაზებზე – 2.3 მილიონი, ხოლო ოსებზე – 2.2 მილიონი ლარი გამოიყო; 2016 წელს აფხაზ პაციენტებზე 3.2 მილიონი იყო გამოყოფილი; ოსებზე კი – 2.6 მილიონი ლარი. რაც შეეხება 2017 წლის მონაცემებს, 8 ნოემბრამდე აფხაზ პაციენტებზე 2.7 მილიონი, ხოლო ოსებზე 1.7 მილიონი ლარი იყო გამოიყო.
ამასთან, idfi-ს ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს ყველაზე ხშირად ონკოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის დაავადების შემთხვევაში და მედიკამენტების მოთხოვნით მიმართავენ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.