სირიის მიმართულებით გაშვებული ამერიკული რაკეტების ჩამოგდებით რუსეთი იმუქრება. ინფორმაციას ლიბანში რუსეთის ელჩმა ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ავრცელებს.
ალექსანდრე ზასიპკინის თქმით , რუსეთის შეიარაღებული ძალები ნებისმიერ ჭურვს ჩამოაგდებენ და იმ ტერიტორიასაც დაბომბავენ, საიდანაც ამერიკელები იერიშს განახორციელებენ. დუმაში მომხდარი ქიმიური შეტევის გამო ვაშინგტონი ევროპელ პარტნიორებთან ერთად საპასუხო ნაბიჯზე მსჯელობს. განიხილება სამხედრო ზომებიც, თუმცა რას მოიმოქმედებს დასავლეთი ამ დროისთვის უცნობია.
შესაძლო იერიშების გამო ავიაციის უსაფრთხოების ევროპულმა სააგენტომ, ავიაკომპანიებს ფრენების მიმართულების გადახედვისკენ უკვე მოუწოდა.
სააგენტო, მომდევნო 72 საათის განმავლობაში, კომპანიებს ურჩევს თვალი ადევნონ ოპერატიულ ინფორმაციას და ფრენების მიმართულება მოვლენების განვითარების გათვალისწინებით დაგეგმონ. ანალოგიური გაფრთხილება რუსულმა ”როს-ავიაციამაც” გაავრცელა.