ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართული ოცნების” დატოვებას “სოციალ-დემოკრატები” არ გამორიცხავენ

სოციალისტები ქართული ოცნების დატოვებას არ გამორიცხავენ, ამის მიზეზი კი შეიძლება საპენსიო რეფორმა გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას  საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი ავრცელებს.

ნაცვლიშვილის განმარტებით, თუ სოციალ-დემოკრატები და ქართული ოცნება საპენსიო რეფორმაზე პოზიციებს ვერ შეაჯერებენ, მაშინ სოციალისტები პარტიის დატოვებაზე დაფიქრდებიან.

“თუ კონსესუსი ვერ შედგა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, თუ მომავალში იქნება ისეთი საკითხები, რომ უმრავლესობასთან ვერ შევჯერდებით და ეს იქნება ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც ცდება პიროვნულ უთანხმოებას, ეს არის უკვე პოლიტიკის საკითხი, ღირებულებრივი და იდეოლოგიური საკითხი, ასეთ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ ან სხვამ უმრავლესობა დავტოვოთ,” – თქვა ბექა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილმა კომენტარი პარტიულ დისციპლინასთან დაკავშირებითაც გააკეთა.

“პარტიული დისციპლინის დაყენების საჭიროებას ვერ ვხედავ. ვფიქრობ ამაზე საუბარი უნდა დასრულდეს. ჯერ ერთი პარტიული დისციპლინა ვერ იქნება, იმიტომ რომ უმრავლესობაში ბევრი პარტიაა და ვისაც უნდა თავის პარტიაში ისეთი დისციპლინა ჰქონდეს. ზოგადად, ეს აზრთა სხვადასხვაობა მარტივი გადასაჭრელია. მთავარია დასხდეს უმრავლესობა მოძებნოს ძალა და დიალოგის ფორმატში გადაწყვიტონ დღევანდელი პრობლემები”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს ქართული ოცნების ოფისში მმართველი გუნდის ლიდერების საგანგებო შეკრება გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი კობახიძესა და საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე “პარტიულ დისციპლინაზე” ისაუბრეს, შეხვედრის შემდეგ კი მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პარტიაში “სამწუხაროდ, ბოლო დროს რამდენიმე დეპუტატი ხშირად არღვევს პარტიულ დისციპლინას”. პარტიული დისციპლინის შესახებ მსჯელობაც დღეს განახლდება.

იტვირთბა....