ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არასამთავრობოები პრემიერსა და შს მინისტრს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის რასიზმის მუხლით გამოძიებას ითხოვენ და მთავრობას ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ახსენებენ.

ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ საგანგებო განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერსა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.

არასამთავრობოებმა მთავრობას შეახსენეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, გაამახვილოს ყურადღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა „პირთა მიღების (ადმისიის) წესები და მიღებულ პირთა უფლებები და სტატუსი, კანონიერად მცხოვრებ არამოქალაქეთა მიმართ სამართლიანი მოპყრობა და ინტეგრაცია, განათლება და ტრენინგი; და რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები“.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები 8 აპრილს ქ.თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინცინდენტს რასიზმის უხეშ გამოვლინებად აფასებენ და მოითხოვენ, საქმე წარიმართოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142(1) მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პროცესები და შედეგები იყოს მაქსიმალურად საჯარო.

8 აპრილს, სოციალურ ქსელში ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე ქართველი და ნიგერიელი სტუდენტების ჩხუბის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

თბილისის მერი ინციდენტს გამოეხმაურა და მხარეებს შორის ამხანაგური მატჩის ინიციატივით გამოვიდა.

ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ამხანაგური მატჩი 14 აპრილს გაიმართება და კახი კალაძე ითამაშებს.

იტვირთბა....