ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

თამაზ ელიზბარაშვილმა თანამშრომელს დაარტყა და დიმა ობოლაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა (ვიდეო)

სოციალურ ქსელში გავრცელდა ორი ვიდეო, რომელშიც ბიზნესმენი და ძაღლების თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი თანამშრომლებს და მოქალაქეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.

“იმედინიუსის” ინფორმაციით, ერთ-ერთ ვიდეოში ელიზბარაშვილი სპორტულ კომენტატორს და წამყვანს დიმა ობოლაძეს ესაუბრება, რომელსაც თავშესაფარში ძაღლების მიყვანა სურდა. აღმოჩნდა, რომ ობოლაძე ვაკე-საბურთალოს გზაზე იყო მისული, სადაც 2015 წლის 13 ივნისამდე ფუნქციონირებდა თავშესაფარი, სტიქიის შემდეგ კი მისამართი შეიცვალა. იმის გამო, რომ ობოლაძე არასწორ მისამართზე მივიდა, თამაზ ელიზბარაშვილი გაბრაზდა და, კამათის შემდეგ, მობილური ტელეფონი გათიშა. ვიდეო ელიზბარაშვილთან ერთად მყოფმა ადამიანმა გადაიღო.

ამ ვიდეოსთან დაკავშირებით დიმა ობოლაძემ imedinews-ს უთხრა, რომ ელიზბარაშვილმა მას მეორე დღეს დაურეკა და ბოდიში მოუხადა, ამასთან უთხრა, რომ წინა დღეს ვერ იცნო, როდესაც ესაუბრებოდა.

აღსანიშნავია, რომ თამაზ ელიზბარაშვილი მობილურზე ავტომობილის მართვის პარალელურად საუბრობდა.

მეორე ვიდეოში კი ჩანს, თუ როგორ აყენებს თამაზ ელიზბარაშვილი ფიზიკურ შეურაცხყოფას, სავარაუდოდ, თავშესაფრის თანამშრომელს. ვიდეოში ელიზბარაშვილი ასევე აგინებს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელმაც, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ელიზბარაშვილი “თავშესაფარში უნდა დატოვონ ძაღლებთან ერთად”.

imedinews.ge-ს თამაზ ელიზბარაშვილმა უთხრა, ის თანამშრომელმა მდგომარეობიდან გამოიყვანა, რადგან ნასვამ მდგომარეობაში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ვასილ ებრალიძე (თანამშრომელი) სამსახურში ნასვამი მივიდა. ელიზბარაშვილი დასძენს, რომ ის რაც მან გააკეთა, მართებული საქციელი არ იყო და დასძენს, რომ ვასილ ებრალიძე ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანია, რომელსაც “ამპულა თავისი ხელით ჩაუდგა”.

იტვირთბა....