დღეიდან დედაქალაქის პარკირების სისტემის მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ გაახმაურა. მისი თქმით, კომპანია მზად არის ვალდებულებების შესრულებას შეუდგეს და უკვე გატარებულია შესაბამისი ღონისძიებები პარკირების სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის.
„შეიქმნა თბილისის პარკირების სისტემის ვებგვერდი, ასევე, ცაბაძის ქუჩაზე ამოქმედდება თბილისის პარკინგის ცენტრალური ოფისი, სადაც მოქალაქეებს მოემსახურებიან. პარკირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადასახადის გადახდა შესაძლებელი იქნება სწრაფი გადახდის აპარატების ან ბანკის მეშვეობით.
თბილისის პარკინგის თანამშრომლები აღჭურვილები იქნებიან ყველანაირი ტექნიკით, რაც სჭირდებათ თავიანთი საქმიანობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირად გამართული იქნება პროცესი, რომელსაც კომპანია წარმართავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოსახლეობას პარკირებისა და მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი წესების დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პარკირების შემოსავლები სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერებას მოხმარდება.
„ყველა თეთრი მიმართული იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერებისა და არსებული რეალობის შეცვლისკენ. მე მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა, პარკირების სისტემის გამართვა, რომელიც დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.