ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხაშურის მერს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის, სიმონ ნოზაძის ბიუროს თანამშრომელი მუნიციპალიტეტის მერს გიორგი გურასპაშვილს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. “QARTLI.GE”-ის ინფორმაციით, ის ,,ქართული ოცნების” გენერალურ მდივანს და ლიდერებს რეაგირებისთვის მიმართავს. ინფორმაცია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით თავდაპირველად ტელეკომპანია ,,თრიალეთმა” გაავრცელა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის მერიაში განუცხადეს, რომ ეს კამპანია პარლამენტარ სიმონ ნოზაძის მხრიდან მოდის. სიმონ ნოზაძეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

განცხადების მიხედვით, სექსუალური ძალადობის ფაქტი ავტომანქანაში, 2018 წლის 26 თებერვალს მოხდა. სიმონ ნოზაძის ინიციატივით, იმ დღით, თბილისში ხელნაწერთა ინსტიტუტში შეხვედრა გაიმართა, რომლის დამთავრების შემდეგ, ხაშურის დელეგაცია სოფელ ცხრამუხაში რესტორან ,,დიაოხში” საქეიფოდ წავიდა. ინციდენტი, სწორედ, ,,დიაოხიდან” ხაშურამდე მოხდა.

,,ვახშმის დამთავრების შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მანქანით წაყვანა შემომთავაზა. წინა სავარძლები ეკავათ მძღოლს და საკრებულოს თავმჯდომარეს. ხოლო მე უკანა სალონში მჯდომ მერის გვერდით აღმოვჩნდი. სადაც მან, ჩემ გარდა, შემოიპატიჟა ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი თამაზ ლაცაბიძე და ტელე-ოპერატორი დავით ღოღობერიძე. მანქანაში ხელოვნური სივიწროვით ისარგებლა მთვრალმა გიორგი გურასპაშვილმა და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჯერ მის მუხლებზე აღმოვჩნდი, შემდეგ კი, მთელი გზა, რესტორან ,,დიაოხიდან” ხაშურამდე ახდენდა ჩემ შევიწროებას არაესთეტიური ქმედებებით,” – წერს განცხადების ავტორი.

ეს ამბავი ხაშურში მთავარი თემაა. სოციალურ ქსელშიც გავრცელდა ინფორმაცია. განცხადების ავტორი ასევე წერს, რომ მის მიმართ, მერმა და გარემოცვამ ცილისმწამებლური ხმები გაავრცელეს და კვლავ გრძელდება ზეწოლა..

,,დღეს გამგებელი იმყოფებოდა თბილისში და, შესაბამისად, არ ჰქონდა დრო ამ ქალბატონის ბრალდებებისთვის პასუხი გაეცა. მიგვაჩნია, რომ ეს არის პროვოკაცია და ამ სიცრუეზე მერი გასცემს პასუხს,” – აცხადებს მერის პრეს-სამსახური. გურასპაშვილი დღეს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

სიმონ ნოზაძის ბიუროს თანამშრომელი პარტიის თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს სთხოვს, რომ რეაგირება მოახდინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროკურატურას მიმართავს.

სიმონ ნოზაძე პარლამენტის წევრია და საარჩევნო ბლოკს „თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ წარმოადგენს. გიორგი გურასპაშვილი – მერია, ,,ქართული ოცნებიდან”.

იტვირთბა....