სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის მშობელმა მარიამ საკანდელიძემ განათლების სამინისტროსთან შიმშილობა დაიწყო. მისი განცხადებით, მისი შვილი სკოლაში ბულინგის მსხვერპლია.
“მეტრონომთან” საუბრისას საკანდელიძე აცხადებს, რომ 1-წლიანი ბრძოლის შედეგად, სკოლაშ სპეციალური პროგრამა დაიწყო, რომელმაც მისი შვილის ქცევები დაარეგულირა, მაგრამ ის ორ თვეში შეწყდა.
“ეს ამბავი დაიწყო მაშინ, როდესაც შვილი 122-ე სკოლაში შევიყვანე. დირექტორმა ჩემი შვილი, ერთი შეხედვით, კეთილგანწყობით მიიღო, მაგრამ მალე მომთხოვა, რომ სკოლაში თავად მევლო და შვილისთვის ყურადღება მიმექცია. ნაცვლად იმისა, რომ დამატებით სპეც. პედაგოგი აეყვანა, რომელიც ჩემი შვილის ქცევას დაარეგულირებდა. ჩემი შვილი ჰიპერაქტიული ბავშვია და ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა. მაპროვოცირებელ გარემოში ჩემი შვილი აგრესიულად იქცეოდა – უნებართვოდ დადიოდა კლასში, სხვის ნივთებს ისროდა, ქონდა წამოძახილები და ა.შ. სკოლა მზად არ იყო იმისთვის, რომ ჩემ შვილს შესაბამისად მოქცეოდა – მოეწვიათ სპეციალისტები და ფსიქოლოგები და მდგომარეობა დაერეგულირებინათ. დირექტორი მეუბნეოდა, რომ სკოლას არ ქონდა რესურსი, ხოლო განათლების სამინისტრო დირექტორთან მაგზავნიდა.
დიდი ბრძოლის შედეგად, ერთი წლის მერე დაიწყო ქცევის პოზიტიური მართვის პროგრამა დაიწყო განათლების სამინისტრომ და ეს ჩემი შვილისთვის ძალიან კარგი აღმოჩნდა. მისი ქცევები იმდენად დასტაბილურდა, რომ ის ძალიან ადვილი სამართვი იყო. თუმცა, ორთვენახევარში პროგრამა შეწყდა. პროგრამის ხელმძღვანელი ამბობდა, რომ თუ ეს 1 წელი არ გაგრძელდებოდა, მდგომარეობა კვლავ გაუარესდებოდა. განათლების სამინისტროში თქვეს, რომ დავლოდებოდით წელიწადის დამთავრებას და შედეგი შეგვეფასებინა. ძალიან ძნელია უყურო თუ როგორ ფუჭდება საქმე და ელოდო წელიწადის დასრულებას”, – აცხადებს საკანდელიძემ.
მისივე თქმით, ბავშვს დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები აბულინგებდნენ.
“სკოლაში მისვლისას ვნახე, რომ ჩემი შვილი ბავშვების მხრიდან იყო სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. მასთან მეგობრობა არ სურთ და ამბობენ, რომ სკოლიდან უნდა წავიდეს. ამ ყველაფრის თავი არის დირექტორი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მშობლებს ამხედრებდა. მათ ეს ჩემთან საუბარშიც დაადასტურეს. შიმშილობის გამოცხადებიდან 15 წუთში განათლების მინისტრმა დამიბარა და გადაწყდა, რომ საჭიროა ამ გარემოს მოშორდეს ბავშვი. ასე გაგრძელება არ შეიძლება. მინისტრი დამპირდა, რომ ორშაბათს ის მივა ახალ სკოლაში, სადაც ინკლუზიური გარემოა, არიან სპეციალისტები, ფსიქოლოგები და ჩემი შვილის მისვლამდე მოხდა სკოლის შემზადება. აქედან გამომდინარე, შიმშლობას ამ ეტაპზე ვწყვეტ”, – აღნიშნა მარიამ საკანდელიძემ.
“მეტრონომი” 122-ე სკოლის დირექტორს მედიკო ქოქრაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ არანაირი ბულინგი არ ყოფილა და სპეციალური პროგრამაც 1 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
“ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია, არანაირი ბულინგი არ ყოფილა. ბავშვი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა, სკოლა ფსიქოლოგების რეკომენდაციებით მუშაობს და ვახორციელებთ ყველა იმ რეკომენდაციას იმისთვის, რომ ბავშვმა კლასელებთან ადაპტაცია მოახდინოს და შეიძინოს საჭირო უნარები. სკოლაში ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეციალური პროგრამაც, რომელიც ბავშვს ეხმარებოდა სკოლაში ინტეგრაციასთან, – აცხადებს მედიკო ქოქრაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” ხელმძღვანელი მარიამ კორკოტაძე კი სამინისტროს მხრიდან რეაგირებასა და დამნაშავე დირექტორისა და მასწავლებლების დასჯას ითხოვს.
“წელიწადში მერია მარიამ საკანდელიძე საკუთარი შვილისთვის კბილებით იბრძვის. სამინისტროს მხრიდან რეაგირებაც არაა, რომ ვინმე დაისაჯოს ან ფაქტის გამოძება მოხდეს. ეს უკვე მესამე სკოლაა, სადაც დედას ბავშვი გადაყავდა. ყველგან ერთი და იგივე პრობლემას აწყდებოდნენ და დედამ გადაწყვიტა, რომ ამ სკოლიდან აღარ გადაეყვანა, როდემდე უნდა ეტარებინა სკოლიდან სკოლაში.
მასწავლებელმა მოსწავლე გოგოსაც დაავალა, რომ ამ ბავშვის ქცევები ვიდეოზე გადაეღო. მასწავლებელმა ეს ვიდეო წაშალა მერე, რადგან მან გაიგო, რომ ბავშვის დედამ ვიდეოზე ყველაფერი იცოდა. მასწავლებელი კვლავ აგრძელებს სკოლაში მუშაობას, უბრალოდ, კლასს ჩამოაცილეს. ასეთი ვითარებაა 122-ე სკოლაში”, – განუცხადა “მეტრონომს” კორკოტაძემ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 2017 წლის 7 დეკემბერს სახალხო დამცველმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჯანმრთელობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე მიმართა.
“2017 წლის 7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჯანმრთელობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე მიმართა.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეს, ჰიპერაქტივობის გამო ხშირად უწევდა სკოლებისა და კლასების გამოცვლა. ეს ფაქტი ართულებდა, როგორც განათლების მიღებას, ასევე საზოგადოებასთან შეგუების პროცესს. ვინაიდან ბავშვთან მუდმივად არ მუშაობდა სპეციალისტი, მისი მდგომარეობა გაუარესდა და მან ჯერ სხვა მოსწავლე დააზიანა, შემდეგ თვითდაზიანება სცადა. ბავშვს არც მომხდარის შემდეგ ჰყავდა სპეციალური მასწავლებელი, რაც აჩვენებს, რომ არ ხდება ბავშვის სპეციალური საჭიროების გათვალისწინება და მას ხელოვნურად ათანაბრებდნენ სხვა მოსწავლეებთან.
რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა განმარტა, რომ ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა არ არის სახელმწიფოს ან სკოლის კეთილი ნება, იგი განათლების საყოველთაო კონსტიტუციური უფლების არსიდან და სახელმწიფოს შესაბამისი პოზიტიური ვალდებულებიდან ბუნებრივად გამომდინარეობს. ამდენად, ინკლუზიური განათლება უნდა მივიჩნიოთ განათლების კონსტიტუციური უფლების რეალიზების იმგვარ ფორმად, რომლის არამართლზომიერი შეზღუდვაც ავტომატურად ნიშნავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევას”, – ნათქვამია განცხადებაში.