ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები ვ.ფ, ა.ტ და შ.თ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ „გ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 10:15 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ვ.ფ, ა.ტ და შ.თ, ქუთაისში, 26 მაისის ქუჩაზე ყაჩაღურად თავს დაესხნენ ს.ს „ნოვა ტექნოლოჯის“ თანამშრომლებს, რომლებსაც სააქციო საზოგადოების თანხა გადაჰქონდათ და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ს.ს „ნოვა ტექნოლოჯის“ კუთვნილ „რენო-კლიოს“ მარკის ავტომანქანას და თანხას 101 442 ლარის ოდენობით.
სამართალდამცველებმა ვ.ფ, ა.ტ და შ.თ 2017 წლის 22 ივნისს ქუთაისში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ „გ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრება შეეფარდათ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ვ.ფ-ს 8 წლით, ა.ტ-ს 9 წლით, ხოლო შ.თ-ს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.