შპს „ემჯიემტექსი” კაცისა და ქალის ტანსაცმლის წარმოებას საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისში იწყებს. ინფორმაციას enterprisegeorgia ავრცელებს.
ის რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose” შვილობილი კომპანიაა, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: „H&M“, „Mango“, „Zara“, „Coast“, „Colveta“, „United Collors of Benneton“, „Oasis“ და სხვა.
კომპანია ბიზნესის გაფართოებით 6 თვის წინ დაინტერესდა და გადაწყვეტილების მიღებამდე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლების მხარდაჭერით კომპანია საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს სწავლობდა.
შპს „ემჯიემტექს“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტითაც ისარგებლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს და მის ფარგლებში კომპანია უახლესი ტექნოლოგიის საკერავ მანქანა-დანადგარების შეძენას შეძლებს.
საწარმო ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, კერძოდ უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ, მაღალხარისხიან პროდუქციას ევროპის ქვეყნებში გაიტანს, როგორიცაა რუმინეთი, შვედეთი და სხვა.
შპს „ემჯიემტექს“, რომელიც 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდება, წლიურად 3 300 000 ლარის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. საწარმო ამოქმედების პირველ ეტაპზე 250 ადამიანს დაასაქმებს, სამომავლოდ კი 350 ადამიანის დამატებას გეგმავს.
საწარმო ქუთაისში, ზ. გამსახურდიას გამზ. #47 განთავსდება. ინვესტიციის მოცულობა საწყის ეტაპზე შეადგენს 1 200 000 ლარს, ხოლო შემდეგ ეტაპზე კომპანია დამატებით 2 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.