ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, გიორგი გიორგანაშვილს, ახალი ბრალი წარედგინება 262-ე და 260-ე მუხლების მიხედვით. ბრალის დამძიმებამდე მასთან მისი უფლებადამცველი იმყოფებოდა.
“ქორიძე და გიორგანაშვილი იყვნენ ბიზნესპარტნიორები, ელექტროსიგარეტების ბიზნესი უნდა დაეწყოთ, ამისთვის კონკრეტული ქმედებები განახორციელეს. ხულორდავასთან მის კავშირზე არაფერი ვიცი. შემოტანაზე სულ იყო პროკურატურის ნარატივი. ხულორდავას საქმე ისევ პროკურატურის მოთხოვნით გამოეყო. ათასობით საქართველოს მოქალაქე იყო იმ დროს თურქეთში. მე პრობლემას ამაში ვერ ვხედავ“,- განაცხადა ადვოკატმა.
გიორგანაშვილს ირაკლი ქორიძესთან ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინეს ბრალი, განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.
ბრალის წარდგენის მომენტში გლდანის ციხეში საქმის პროკურორი არ იმყოფებოდა, იყო მხოლოდ გამომძიებელი. ასევე ცნობილია, რომ დღესვე სასამართლო გიორგანაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
მსახიობი 23 იანვარს, სასამართლო პროცესზე დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის დარბაზშივე დააკავეს.
გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს, ხოლო 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.
30 მარტს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი, ირაკლი ქორიძე, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა და ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
დავით მათიკაშვილმა ქორიძის შესახებ “ქრონიკაში” ისაუბრა და თქვა, რომ ქორიძე 2011 წელსაც იყო დაკავებული, თუმცა 2014 წელს ის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.
“ეს არის პიროვნება, რომელიც 2011 წელს იყო გასამართლებული 300 აბი სუბოტექსის შენახვა-შემოტანაზე. მას 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2013 წელს მას შეეხო ამნისტიის აქტი. ამ დროს მას სასჯელის ვადის 1/4 მოაკლდა. 2014 წელს ის არა ამნისტიის, არამედ უკვე შეწყალების აქტით, პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გაათავისუფლა” -თქვა მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა ნეპოტიზმს, რადგან სოცქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქორიძის ყოფილი მეუღლე ნატალია ჩიჩუა, პრეზიდენტის მაკა ჩიჩუას ნათესავია და ეს იყო ქორიძის შეწყალების მიზეზი.