ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხოშტარია: “კალაძემ გენგეგმასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო”

“ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ თბილისის მერის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომ არავითარი კომპლექსი არ არსებობს, რომ სწორს დაერქვას სწორი და არასწორს არასწორი, კალაძემ გენგეგმასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ხოშტარიას თქმით, ძალიან კარგია, რომ თბილისის მერმა გაითვალისწინა ოპოზიციის, საზოგადოების აზრი და პროცესი გააგრძელა .

“ჩვენი პროტესტის საგანი არ იყო ის, რომ რომელიმე მხარის ლობირება მომხდარიყო, არამედ დამოკიდებულება, რომ როცა მილიონები იხარჯება, ადამიანები ამდენს შრომობენ, არის დაპირება, რომ გენგეგმა იქნება, ასე ხელაღებით, რადიკალურად არ უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილებების მიღება. მითუმეტეს, იმ შეურაცმყოფელი ფორმით, რაც შეხვედრებზე მოხდა. თუმცა, დღეს შეგვიძლია ნამდვილად ვთქვათ, რომ სწორია, რომ არ იჩქარა და ამჯერად რადიკალური გადაწყვეტილება არ მიიღო. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი დავალებები მიეცეს ამ ჯგუფს. საქმე გვაქვს ძალიან დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსთან, ამიტომ ჯგუფს სწორი დავალებები უნდა მიეცეს, რომ ივნისში მსგავსი კრიზისი არ შეიქმნას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ევრეპული საქართველოს“ წევრის  თქმით, ოპოზიცია აღნიშნულ საკითხზე საქმიანი თანამშრომლობისთვის მზად არის.

“ყველანაირი პარტიული, ან პირადი ინტერესები უნდა გადავდოთ გვერდზე და ისე უნდა შევქმნათ ქალაქის განვითარების ხედვა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს გეგმა ვერ იმუშავებს, თუ იქნებიან ადამიანები, ვისზეც კანონი არ ვრცელდება, მაგალითად ბიძინა ივანიშვილი, რადგან იმას, რაც თაბორზე მოხდა, ვერავითარი გენგეგმა ვერ დაარეგულირებს, ჟვანიას ქუჩაზე არ უნდა ხდებოდეს ის რაც ხდება და ა.შ. თუმცა ამის მიუხედავად, ამ კონკრეტულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კალაძემ მიიღო ეს გადაწყვეტილება, არ იჩქარა, წყალში არ გადაყარა მათივე დახარჯული ფული.

ჩვენ მზად ვიქნებით ისეთივე კრიტიკისთვის როგორიც გვქონდა, ასევე საქმიანი და არსებითი თანამშრომლობისთვის გენგეგმის გარშემო. თავისთავად ფაქტია, რომ მთლიანად “ქართული ოცნების“, მათ შორის კალაძის პასუხისმგებლობაზეა ეს საქმე, ვინაიდან ამდენი ხანია მიდის გენგეგმაზე საუბარი. ისიც ფაქტია, რომ ვერ უმკლავდებიან იმას, რასაც საზოგადოებას დაპირდნენ. ყოველი გაჭიმული დღე არის ახალი არასწორი გადაწყვეტილება ჩვენს ქალაქში, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ამ კონკრეტულ მომენტში არ შეიძლება არ ვთქვათ, რომ მერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

არავითარი კომპლექსი არ გვაქვს იმის, რომ სწორს დავარქვათ სწორი და არასწორს – არასწორი. სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ „არ მიაწვა“ პირველად რადიკალურ პოზიციას, გაითვალისწინა ოპოზიციის, საზოგადოების აზრი და გააგრძელა პროცესი. საბოლოოდ შედეგი უნდა დაიდოს და ვერანაირი დროის გაწელვა „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობას ვერ მოხსნის“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

იტვირთბა....