თბილისის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა.
“არსებული სახით წარმოდგენილი მასალების მიღება ვერ მოხდება. “სითი ინსტიტუტის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც 5 ეტაპიის ფარგლებში მომზადდა ჩვენთვის მისაღებია. მნიშვნელოვანია გეგმა იყოს ადვილად და სწრაფად შესრულებადი და ეს უნდა ყოფილიყო მეექვსე ეტაპში წარმოდგენილი. ჩვენ ვასრულებთ პოლემიკას ამ თემასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე რომ ეს უმნიშვნელოვანესია ქალაქისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ დავასრულებინოთ სითი ინსტიტუტს ამ დოკუმენტზე მუშაობა, “- თქვა კალაძემ.
ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა, 27 მარტს სასტუმრო “ბილტმორში” გამართული შეხვედრა, სადაც გენგემა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს გააცნეს.
თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაბარდა.
შეგახსენებთ, რომ გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იმავე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა, რომელიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა.