„ვერ დადგინდა კავშირი გიორგი გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავას ბრალდების საქმეებზე“, – ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი მახარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ საქმეთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
„პროკურატურის დადგენილებით ვერ დადგინდა კავშირი გიორგი გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავას ბრალდების საქმეებზე, ამიტომ მოხდა მათი ერთმანეთისგან გამოყოფა. მაშინაც ვამბობდით, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. ვნახოთ, პროკურატურას თუ აქვს რაიმე მტკიცებულება მოპოვებული, ან თუ ისევ ეყრდნობა ერთი ადამიანის- ჯაბა ხულორდავას, დაუსაბუთებულ ბრალდებას, რომელმაც ამ ბრადლების გამო, ძალიან ხელსაყრელი პირობები მიიღოს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით,“ – ამბობს ადვოკატი, გიორგი მახარაძე.
შეგახსენებთ, რომ საუბარია 30 მარტს შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა და ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. შსს-ს ცნობით ერთ-ერთი თანამზრახველი გიორგი გიორგანაშვილია, რომელიც ამჟამად მსჯავრდებულია და სხვა დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მას წარედგინება ბრალდება, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის.
გიორგი გიორგანაშვილის საქმიდან ცალკე წარმოებად იყო გამოყოფილი ჯ.ხ.-ს საქმე, ამ უკანასკნელის შესაძლო თანამონაწილეების მიმართ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აწარმოებდა შს სამინისტრო.