ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეზვრიშვილი: არ შეიძლება სამართალდამცველების მიმართ შეურაცხყოფა და დაუმორჩილებლობა 250 ლარით ისჯებოდეს

“ჯარიმის ოდენობას ვამკაცრებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ 250-ლარიანი სანქცია მინიმალური ჯარიმაა და ჩადენილი ქმედების ადეკვატური არ არის” – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა სამართალდამცველების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შესახებ არსებულ ჯარიმაზე განაცხადა.

„გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში საკითხზე საუბარი სწორად არ მიმაჩნია, რადგან რაღაც ახალი სამართალდარღვევა არ გამოგვიგონია. ეს არსებული სამართალდარღვევაა, რომელსაც დიდი, ხანია “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი” ითვალისწინებს.

უბრალოდ, ჯარიმის ოდენობას ვამკაცრებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ 250-ლარიანი სანქცია მინიმალური ჯარიმაა და ჩადენილი ქმედების ადეკვატური არ არის. არ შეიძლება, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა 250 ლარით ისჯებოდეს.

სანქციის გაზრდის შემთხვევაში, ეს უფრო მეტად შემაკავებელი იქნება ამგვარი ქმედებების ჩადენისას. ოპონენტების მოსაზრებებია, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ყოველთვის კეთილსინდისიერად არ მოქმედებენ. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ მიმართულებით შსს რეფორმებს ახორციელებს და გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

სამხრე კამერებს ვყიდულობთ, რომელიც პოლიციელებს ექნებათ დამონტაჟებული. ასევე, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ტექნოლოგიებს ვათავსებთ, რათა გაცილებით უფრო მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ იზოლატორებში შეასახლონ დაკავებული პირები. ამ საკითხს დეპუტატები კრიტიკით მოეკიდნენ, რაც გაუგებარია“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

იტვირთბა....