ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი მძიმე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი მძიმე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავავრცლად: http://gov.ge/s/b993d

Gepostet von შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia am Freitag, 30. März 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დავით ლაცაბიძის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის – მამუკა ჭელიძის ერთობლივი ბრიფინგი.

ორგანიზებული ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამინისტროს თანამშრომლებმა არაერთი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს და დააკავეს, რომლებსაც ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებები უკანონოდ შემოჰქონდათ.

ამჯერად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია კიდევ ერთი გახმაურებული ნარკოდანაშაულის შესახებ, რომელიც გამოვლენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლობის შედეგად.

რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გამოვავლინეთ და დავაკავეთ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა და ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

მიმდინარე წლის 30 მარტს, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, დაკავებულ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი – ი.ქ., რომლის ორგანიზებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის იანვარში ი.ქ. შეუთანხმდა თავის ნაცნობებს – გ.გ.-სა და ჯ.ხ.-ს, რომ მათ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ი.ქ.-მ, გ.გ.-მ და ჯ.ხ.-მ აღნიშნული დანაშაულის განხორციელების გეგმა შეიმუშავეს და როლები გაინაწილეს.

შეთანხმებისამებრ, გ.გ. ი.ქ.-ს ფინანსური დახმარებით გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც 2017 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 24 იანვრის ჩათვლით პერიოდში იმყოფებოდა. მან ამ დროის განმავლობაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ბუპრენორფინის“ შემცველი, დაახლოებით, 900 აბი ნარკოტიკული საშუალება.

ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ორგანიზების მიზნით, ი.ქ.-მ განახორციელა შემდეგი ქმედებები:

2017 წლის იანვრიდან იგი, ფაქტობრივად, დირექტორის ფუნქციებს ასრულებდა მამამისის – თ.ქ.-ს კუთვნილ შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრში“, რომელიც პაციენტებს რეანომობილით ტრანსპორტირების მომსახურებას უწევდა, მათ შორის, საზღვარგარეთ. ისარგებლა რა აღნიშნულით, ი.ქ.-მ შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრში“ რეანომობილის მძღოლად მუშაობა დააწყებინა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ჯ.ხ.-ს.

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ჯ.ხ. 2017 წლის 23 იანვარს რეანომობილით უნდა გამგზავრებულიყო თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში, სადაც მას შეხვდებოდა გ.გ. და გადასცემდა ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლებსაც ჯ.ხ. რეანომობილში მოათავსებდა. ამგვარი შენიღბული გზით, ჯ.ხ. ნარკოტიკულ საშუალებებს უკანონოდ შემოიტანდა საქართველოში, შემდეგ კი ი.ქ.-ს გადასცემდა. რეანომობილის თურქეთში გამგზავრების დანაშაულებრივი მიზნის შესანიღბად, ი.ქ.-ს მითითებით, ჯ.ხ. დაუკავშირდა მათ საერთო ნაცნობს – ლ.შ.-ს, რომელსაც რეანომობილით საზღვარგარეთ ტრანსპორტირების არანაირი სამედიცინო საჭიროება არ გააჩნდა. მიუხედავად ამისა, ი.ქ.-მ დაიყოლია ლ.შ., 2017 წლის 23 იანვარს ჯ.ხ.-ს რეანომობილით წაჰყოლოდა ქალაქ ტრაპიზონში, იმ მოტივით, რომ მას თურქეთში სისხლის ანალიზს აუღებდნენ. ი.ქ. დაჰპირდა ლ.შ.-ს, რომ ტრანსპორტირებისა და სამედიცინო პროცედურისთვის საჭირო თანხას თავად გადაუხდიდა. ი.ქ.-მ, რეანომობილის თურქეთში გამგზავრების დანაშაულებრივი მიზნის შესანიღბად, მის მიერ ხელოვნურად მოძიებულ პაციენტს კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმი და ექთანი გააყოლა.

2017 წლის 23 იანვარს ექიმი, ექთანი და ხელოვნურად შერჩეული პაციენტი თურქეთის მიმართულებით გაემართნენ რეანომობილით, რომელსაც ჯ.ხ. მართავდა. გზაში რეანომობილი გაფუჭდა, რის გამოც ექიმსა და ექთანს თბილისში დაბრუნება სურდათ, ვინაიდან ლ.შ.-სთვის სისხლის ანალიზის აღება გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას არ წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი.ქ.-მ არ დააბრუნა ისინი თბილისში და კატასტროფის მედიცინის ცენტრის ახალციხის ფილიალიდან სხვა რეანომობილი გამოიძახა. ჯ.ხ. არ დარჩა გაფუჭებულ რეანომობილთან და გამოძახებულ რეანომობილს თურქეთში თვითონაც წაჰყვა, ვინაიდან დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, სწორედ იგი უნდა შეხვედროდა ქ. ტრაპიზონში გ.გ.-ს და დანაშაულის შენიღბვისა და გაადვილების მიზნით, საქართველოში რეანომობილით წამოეღო ნარკოტიკული საშუალებები.

2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ჯ.ხ. ფარულად შეხვდა გ.გ.-ს, რომელმაც, საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 900-მდე აბი გადასცა, რომლებიც ჯ.ხ.-მ რეანომობილში მოთავსებულ სამედიცინო ინვენტარის ყუთში დამალა. მან ნარკოტიკული საშუალებები 2017 წლის 24 იანვარს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის“ გამოვლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

2017 წლის 24 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა ჯ.ხ., რომლის მითითებითაც, რეანომობილში არსებული სამალავიდან ამოღებულ იქნა თურქეთიდან უკანონოდ შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

ამ დროისთვის, ჯ.ხ. უკვე მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.გ.-ს, რომელიც, ასევე, გასამართლებულია სხვა დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ი.ქ.-სთან ერთად წარედგინება ბრალდება, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

იტვირთბა....