სპეციალურად სასამართლოდან “მეტრონომი”
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბუტა რობაქიძის საქმეზე, ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ბრალდებულ ზაზა ბაქრაძის დაკითხვის შემდეგ საჯარო განცხადება გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ ბაქრაძემ ცრუ ჩვენება მისცა და მოსამართლეს მოუწოდა ამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყოს. ”ჩვენ თვალნათლივ ვნახეთ განზრახ ცრუ ჩვენების მიცემის კლასიკური მაგალითი. ეს ჩვენება ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც აქამდე იყო გამოკვლეული: ჩხრეკის ოქმი, დათვალიერების ოქმი, ჩვენებები, ყველაფერს ეწინააღმდეგება. მე ვწუხვარ, რომ მან ეს გააკეთა.
მან დანაშაული ჩაიდინა თქვენს თვალწინ, გთხოვთ, ამ სისხლის სამართლის ნიშნების საფუძველზე დაიწყოთ გამოძიება. დაკითხოთ ყველა ის პირი, რომელსაც შეხება ჰქონდა აღნიშნულ მოწმესთან. ადამიანმა რადიკალურად განსხვავებული ჩვენება მისცა. ვინ არ მინახავს, რამდენი ჩვენება არ მომისმენია, მაგრამ მსგავსი ჩვენება აცდენილია ყველანაირ ასპექტში და დროში, მე არ მომისმენია” – განაცხადა ფირცხალავამ პროცესზე.
შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. მან დღეს სასამართლოს წინაშე ჩვენება მისცა.
ავტორი: ნინო ცხადაია