ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ქართულმა მხარემ ჟენევის დისკუსიები იმისათვის გამოიყენა, რომ “სამხრეთ ოსეთი” საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დაედანაშაულებინა.
„სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ არგუმენტირებული პოზიცია წარადგინა ამ ბრალდებების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მიუღებელია ტატუნაშვილის სიკვდილის გამოყენება უხეში პოლიტიკური პროვოკაციებისთვის, რომელსაც ქართული მხარე ახორციელებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი შაბათს დაკრძალეს. ის რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს ცხინვალში და წამებით მოკლეს. ოკუპანტები 26 დღის განმავლობაში არ უგზავნიდნენ ცხედარს მოკლულის ოჯახს.