“GIPA კატეგორიულად ემიჯნება ზაზა სიამაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს. მსგავსი ტიპის განცხადებები რადიკალურად ეწინააღმდეგება GIPA-ს ღირებულებებს და ცდება უნივერსიტეტში არსებულ ეთიკის ნორმებს”- ამ განცხადებით ეხმაურება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი მოწვეული ლექტორის, ზაზა სიამაშვილის facebook-ზე გამოქვეყნებულ სტატუსს.
“ქალთა უფლებების დაცვა წარმოადგენს უნივერსიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს და სხვადასხვა პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან თანამშრომლობით, ახორციელებს არაერთ მასშტაბურ პროექტს აღნიშნული მიმართულებით.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო საგანგებო რეჟიმში განიხილავს უნივერსიტეტის ეთიკის ნორმების დარღვევის საკითხს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას”- აღნიშნულია განხადებაში.
ზაზა სიამაშვილმა რამდენიმე დღის წინ სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ იმ ქალებს, რომლებიც სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობენ ქვეყნიდან გაყრიდა.
“რატომ ლაპარაკობენ სექსუალურ შევიწროვებაზე უმახინჯესი “ვითომ” ქალები?! შურის გამოხატვის ახალი ფორმაა თუ უპერსპექტივო ცხოვრების?! რა გეშველებათ?! შევიწროვება კი არა, გაგყრიდით ამ ქვეყნიდან! მერამდენე დღეა ვუყურებ და ერთი “შესავიწროვებელი” ვერ დავლანდე…. ზოოპარკის ძუძუმწოვარიც კი არ გაეკარება თქვენს მკერდს…. არც ეგ გაქვთ! უკაცრავად, ჩემს სტუდენტებთან, უხამსობას ვერ ავცდი!”, – დაწერა სიამაშვილმა.