კომპანია „ჯეოსელის“ ცხელი ხაზის ყოფილი ოპერატორი ამბობს, რომ ის და მისი კოლეგები წლების განმავლობაში სექსუალურ შევიწროებას განიცდიდნენ.
“ბათუმელების” ინფორმაციით, ოპერატორი აცხადებს, რომ დღეში რამდენიმე ადამიანი რეკავდა ცხელ ხაზზე და ქალ ოპერატორებს სექსის შესახებ ესაუბრებოდა. ამბობენ, რომ მათ ტელეფონის გათიშვის უფლება არ ჰქონდათ.
კომპანია “ჯეოსელში” აცხადებენ, რომ “უსიამოვნო ზარები” ფიქსირდება, მაგრამ ამას კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვება.
„ეს არ არის მხოლოდ ამ კომპანიის ცხელი ხაზის პრობლემა, სხვა უფასო ცხელ ხაზებზეც იგივე ხდება,“ – გვიყვება ცხელი ხაზის ყოფილი ოპერატორი. – „მე 2006 წლიდან ვმუშაობდი ამ კომპანიაში და ცოტა ხნის წინ წამოვედი. ყველა დღე რეკავდა რამდენიმე კაცი, ზოგჯერ ერთი და იგივე ადამიანი და სექსზე საუბარს ითხოვდა“.
„რეაგირება იყო ფრაზა – რა დღეში ხართ. რეაგირება იყო ისიც, რომ ერთხელ სტრესის მოსახსნელი ორდღიანი ტრენინგი ჩაგვიტარეს და მორჩა. ადამიანები, რომლებიც რეკავენ იოლად იდენტიფიცირებადია, ბევრ მათგანს უკვე ხმაზე ვცნობდით ან ნომერზე…
ერთი კაცი მუდმივად გვირეკავდა დილის შვიდ საათზე, ხმაზე ეტყობოდა, რომ ასაკოვანი იყო. ის მუდმივად გვეკითხებოდა ერთ-ერთ სატელეფონო სერვისზე. ისმენდა ჩვენგან პირობების განმარტებას და იწყებდა ჩურჩულს, რომ ხმამ ძალიან აღაგზნო და მასტურბირებს, ამ დროს, ქათმების კაკანის ხმა ისმოდა. ეს კაცი ერთი ოპერატორის ახლობელი აღმოჩნდა – სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. ძალიან ცნობილი თამადა კაცი და მეოჯახე ყოფილა,“ – აღნიშნავს ცხელი ხაზის ყოფილი ოპერატორი.