ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

რუსი დიპლომატების გაძევებაზე ბრიტანეთის მიერ მომზადებულ დოკუმენტში საქართველოზეც წერია

რუსული გამოცემა „კომერსანტი“ აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც, გამოცემის ცნობით, მოსკოვში მდებარე დიდი ბრიტანეთის საელჩოში უცხო ქვეყნების დიპლომატებს 22 მარტს, რუსი დიპლომატების გაძევებამდე ოთხი დღით ადრე წარუდგინეს. დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი. ამის შესახებ 1tv წერს.

როგორც რუსეთში აშშ-ის ელჩი, ჯონ ჰანტსმანი ამბობს, სწორედ ამ დოკუმენტმა უბიძგა დიდი ბრიტანეთის მოკავშირეებს, რომ სოლიდარობის ნიშნად, რუსი დიპლომატები გაეძევებინათ. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, რუსეთი ეჭვგარეშე დამნაშავეა ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაში.

დოკუმენტში მოვლენები დალაგებულია ქრონოლოგიურად 2018 წლის 4 მარტიდან, ანუ იმ დღიდან, როდესაც სერგეი სკრიპალი და მისი შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. შემდეგ კი, აღწერილია ნივთიერება „ნოვიჩოკი“.  ექვსგვერდიან დოკუმენტში წერია, რომ ნივთიერებაზე მუშაობდნენ მხოლოდ რუსეთში და ის არ არის დეკლარირებული ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად.

ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მომწამვლელ ნივთიერებასთან კონტაქტი პოტენციურად შესაძლოა, 131 ადამიანს ჰქონოდა, სამედიცინო შემოწმება 51-მა გაიარა. მომხდარის გამოძიებაში ჩართულია ანტიტერორისტული დანაყოფის 230 თანამშრომელი და 180 სამხედრო.

წარდგენილი დოკუმენტის მეხუთე გვერდზე ჩამოთვლილია რუსეთის მტრული მოქმედებების მაგალითები, მათ შორის 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ინტერვენცია საქართველოში. სულ სიაში რუსეთის ქმედებების 12 მაგალითია მოყვანილი: ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობა, კიბერშეტევა ესტონეთზე, საქართველოში ინტერვენცია, ყირიმის ოკუპაცია და უკრაინის დესტაბილიზაცია, დონბასში MH17-ის ჩამოგდება, აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა, ბუნდესტაგზე კიბერთავდასხმა, გერმანიაში დეზინფორმაციული კამპანია, დანიის თავდაცვის სამინისტროზე ჰაკერული თავდასხმა, 2016 წლის ოქტომბერში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მონტენეგროში, 2017 წლის ივნისში კიბერშეტევა Not Petya და ბოლოს სერგეი და იულია სკრიპალების მკვლელობის მცდელობა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ჯარის შესახება განცხადება ბრიტანეთის პარლამენტში 14 მარტსაც გააკეთა. მეიმ თქვა, რომ არაერთხეულ მოუწოდა რუსეთს გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იტვირთბა....