თბილისის ვიცე-მერი “სი თი პარკს” სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს. ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებები მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად და მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობაა. მისივე თქმით, კომპანია საკითხის პოლიტიზირებას ცდილობს.
„ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში აქვს მცდელობა „სითი პარკს“, მოსამართლეებზე ზეწოლა მოახდინონ.
სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო „სითი პარკის“ სარჩელი ისეთი აქტის გასაჩივრებაზე, რომელიც საფუძვლად არ დასდებია ხელშეკრულების შეწყვეტას. აქედან გამომდინარე, სასამართლომ განუმარტა კომპანიას, რომ ამ აქტის გასაჩივრების იურიდიული უფლება მათ არ აქვთ. სხვა შემთხვევაში, ასეთი განცხადებების გაკეთება, რომ ორკესტრირებულია სასამართლოს და მერიის მოქმედებები, შეურაცხმყოფელია. რასაკვირველია, „სითი პარკს“ აქვს საშუალება, რომ სასამართლოს გზით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები, ისევე, როგორც თბილისის მერიას.
ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესი, რომელსაც გვაჩვენებს სამომავლო პროცესები სასამართლოში და ცნობილი გახდება ყველასთვის. ასეთი განცხადებების გაკეთება, რასაც ადგილი ჰქონდა „სითი პარკის“ წარმომადგენლის მხრიდან, ემსახურება სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის მცდელობას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. დღეს რა სარჩელზეც უარი განაცხადა სასამართლომ, რომ წარმოებაში მიეღო, ამ საფუძვლით ხელშეკრულება არ გაწყვეტილა „სითი პარკთან“, ამიტომ განმარტა სასამართლომ, რომ ამ აქტის გასაჩივრებისას კანონიერი ინტერესი არ გააჩნიათ. თუმცა, ეს გადაწყვეტილებაც შეიძლება გასაჩივრდეს და სხვა გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ. მათმა იურისტმა, ნათია წკეპლაძემ ეს ძალიან კარგად იცის, რადგან ის დიდი ხნის განმავლობაში მოსამართლე იყო“, – განაცხადა ხმალაძემ.
„სითი პარკის“ სარჩელი სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო, – აღნიშულთან დაკავშირებით, კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „სასამართლომ ფორსირებულად, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს გამოატანინა დასკვნა, რომ 23 აგვისტოს მერიის კოლეგიური ორგანოს (მთავრობის) მიერ მიღებული განკარგულება არ იყო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი“.
„მიგვითითეს, რომ დავა უნდა გაგრძელებულიყო სახელშეკრულებო დავის ფარგლებში. თუმცა დღეს მოსამართლე ჩხეტიას მიერ ყოველგვარი პროცედურული ნორმების დარღვევით დაინიშნა განმწესრიგებელი სხდომა და ისე, რომ თავიც კი ვერ შეიკავა წინსწრებით გამოევლინა მისთვის მიცემული მითითებების მიმართულება და სარჩელის ავტორებს არც კი მოგვცა უფლება დაგვესაბუთებინა ჩვენი იურიდიული ინტერესი, ადგილზე თათბირით „სითი პარკს“ უარი უთხრა უფლების დაცვაზე. ეს არის სასამართლოსა და მმართველი გუნდის წინასწარ განზრახული ქმედებების თვალსაჩინო მაგალითი, რომ სასამართლოს აიძულებენ მიიღონ ყოვლად გაუგონარი გადაწყვეტილებები, პრაქტიკაში არ არსებული განჩინებები, რათა კომპანიას არ მიეცეს საქმის არსებითად განხილვის უფლება და არ წარუდგინოს სასამართლოს ის სამარცხვინო გადაწყვეტილებები და ფაქტები, რასაც მერია აგვისტოს თვიდან დღემდე სჩადის“, – ნათქვამია „სითი პარკის“განცხადებაში.