ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოზარდების მკვლელობის საქმის ადვოკატი: “დღეს დაკითხული მოწმე ინციდენტსა და ჩხუბში მონაწილე პირია”

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმეზე მნიშნელოვანი მოწმე, თბილისის უზენაეს სასამართლოში დაკითხეს.  ადვოკატის თქმით არასრულწლოვანი უშუალოდ ჩხუბის მონაწილე იყო. გავრცელებული ინფორმაციით დღეს დაკითხული მოწმე ჩხუბში თავადაც დაიჭრა. ადვოკატი ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

„დღეს დაკითხული მოწმე ნამდვილად არის ინციდენტსა და ჩხუბში მონაწილე პირი. ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, პირდაპირი მოწმეა და შეიძლება ითქვას, რომ ის ბრალდების მხარის ოქროს მოწმეა. თუმცა, მოწმის სანდოობასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან დაკითხვა ჯერ არ დაგვისრულებია.

მოწმის თქმით, მან საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ დაიწყო, როგორ განვითარდა კონფლიქტი და როგორ მოხდა კონკრეტული პირების დაჭრა. შესაბამისად, აღნიშნული მოწმის ჩვენება დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ გამოძიებაში მიცემული ჩვენება  არასრულწლოვანმა მოწმემ  ისევე როგორც აქამდე დაკითხულმა სხვა მოწმეებმა, კატეგორიულად შეცვალა.

„დანამდვილებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მან ისევე როგორც, ბრალდების სხვა მოწმეებმა, მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით კატეგორიულად შეცვალა გამოძიებაში მიცემული ჩვენება. ამას გარდა, მოწმის ჩვენება ეწინააღმდეგება სასამართლოში დაკითხულ სხვა მოწმეთა ჩვენებებს“, – აცხადებს კაკაბაძე.

შემდეგი სხდომა 30 მარტს, 15:00 საათზეა ჩანიშნული და დაცვის მხარე ჯვარედინი წესით დაკითხავს.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე – დავით სარალიძე კი, მოგვიანებით, საავადმყოფოში.

იტვირთბა....