ყველა იმ ავტომფლობელმა, რომლის პარკირების ბარათსაც ვადა გაუვიდა, ან 10 აპრილამდე გასდის, ისევ „სითი პარკის“ ბარათი უნდა შეიძინოს, – ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ავტომფლობელებმა, რომლებსაც ჯარიმები უკვე დარიცხული აქვთ, საჯარიმო თანხა 10 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ, ან გაასაჩივრონ.
“ყველა იმ ავტომფლობელმა, რომლის პარკირების ბარათსაც ვადა გაუვიდა, ან 10 აპრილამდე გასდის, ისევ სითი პარკის ბარათი უნდა შეიძინოს. ეს ბარათები იმოქმედებს შემდგომი ვადის გასვლამდე. ხოლო მათ, ვისაც უკვე ჯარიმები აქვთ დარიცხული, 10 დღის ვადაში უნდა გაასაჩივრონ, ან ჯარიმა გადაიხადონ. თუ 10 დღის ვადაში არ გაასაჩივრებენ ჯარიმას, კანონის მიხედვით, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს განხილვის უფლება არ აქვს“, – განაცხადეს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.
თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან სითი პარკთან კონტრაქტს წყვეტს. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის.
კომპანია “სითი პარკმა” განაცხადა, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი თავიანთ უფლებებს სამართლებრივი გზით დაიცავენ.
კომპანია “სითი პარკსა” და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”