ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასტუმრო „ლეო გრანდის“ საქმეზე ბრალდებულებს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ

სასტუმრო „ლეო გრანდის“ საქმეზე ბრალდებულ ორ პირს, გიორგი მიქელაძესა და ფათიჰ იაუზის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ დღეს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებების შეფარდების საკითხით მიმართა, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

შემდგომი სასამართლო პროცესი 16 მაისს გაიმართება.

ბრალდების მხარემ დაკავებულების პატიმრობაში დატოვების მოტივად ბრალდებულების გათავისუფლების შემთხვევაში, მათი მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე დაასახელა.

პროკურორების განცხადებით, ბრალდებულებს სასტუმრო „ლეო გრანდის“ უსაფრთხოების ზომების დაცვა ევალებოდათ, რომელიც არ გაითვალისწინეს.

“სასტუმრო ერთხელ უკვე იყო დაჯარიმებული უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის და სწორედ ამ უსაფრთხოების წესების გამოსწორება აღნიშნულ პირებს ევალებოდათ, რომელიც არ გაითვალისწინეს”,- განაცხადეს პროკურორბმა.

შეგახსენებთ, სასტუმრო „ლეო გრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2 პირი დააკავეს. დაკავებულები ბათუმში აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი და იმავე პოზიციაზე მომუშავე 1978 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქეა, გ.მ.

ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა. ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

იტვირთბა....