ბათუმის საქალაქო სასამართლოში სასატუმრო „ლეო გრანდის“ საქმეზე დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ადვოკატების განცხადებით, მათ მტკიცებულებები უკვე გადაეცათ და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებების შეფარდების საკითხით მიმართავენ.
“გადმოგვეცა მასალები, დაახლოებით 15 ტომია. დღეს განიხლება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი. ჩვენთვის ცნობილია, რომ პროკურატურა ითხოვს პატიმრობას. გამოძიება დიდი ხანია მიმდინარეობს, ეს პირები არ მიმალულან და დადიოდნენ დაკითხვებზე, ამიტომ დავაყენებთ გირაოს საკითხს. მივესალმებით იმას, რომ საქმეში ჩაერთო მიქელაძის ოჯახის ადვოკატი. მასაც მასალები გადაეცა და ერთიან პოზიციას ჩამოვაყალიბებთ. მასთან მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა. ბრალდების დადგენილებაში პრკურატურას მიაჩნია, რომ დაკავებულებს ჰქონდათ გარკვეული ვალდებულებები, მათ მიერ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა. საუბარია ტექნიკურ ოთახზე, სადაც მოხდა აალება. გამოძიებას მიაჩია, რომ იქ იყო ზედმეტი ნივთები და ეს პირები მიაჩნია პასუხისმგებელ პირებად“, – განაცხადა ერთერთმა ადვოკატმა კახა წერეთელმა.
შეგახსენებთ, სასტუმრო „ლეო გრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2 პირი დააკავეს. დაკავებულები ბათუმში აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი და იმავე პოზიციაზე მომუშავე 1978 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქეა, გ.მ.
ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა. ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.