ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს დევდარიანის საქმეზე შესაძლო მსხვერპლებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირს (როგორც მსხვერპლებს, ისე სხვა პირებს), რომელიც ფლობს ინფორმაციას გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოკითხვის მიზნით გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში

“არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”-ს ყოფილი გენერალური დირექტორის – ზვიად დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, 2018 წლის 23 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ადევნებას გულისხმობს.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

მედიასაშუალებებით გავრცელებული მასალიდან არ ირკვევა შესაძლო დანაშაულის მსხვერპლთა ვინაობა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მნიშვნელოვანია გამოძიებასთან თანამშრომლობა.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირს (როგორც მსხვერპლებს, ისე სხვა პირებს), რომელიც ფლობს ინფორმაციას გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოკითხვის მიზნით გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს, გამოცემა „ტაბულამ“ 4 ანონიმი რესპონდენტი ქალის ნაამბობი გამოაქვეყნა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA-ს დირექტორს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს კანდიდატად წარდგენილ ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

მანამდე დევდარიანი სექსუალურ ძალადობაში ქალთა მოძრაობამ დაადანაშაულა და სახალხო დამცველს პარლამენტიდან მისი კანდიდატურის გამოწვევა სთხოვა. დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კონკურსს თავად გამოეთიშა.

იტვირთბა....