შსს ზვიად დევდარიანის საქმეზე გამოძიებას დაიწყებს, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა პირველი არხის გადაცემა “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” განაცხადა.
„ყველასთვის სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამ ფაქტთან დაკავშირებით არავის მოუმართავს. ჩვენთან შეტყობინება ან განცხადება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით არ შემოსულა, არც ჟურნალისტების მხრიდან, არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან, არც იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც შესაძლოა, ამ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდნენ.
როდესაც ვსაუბრობთ ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციაზე, დიახ, ჩვენ დავინტერესდით ამ ფაქტებით, შევისწავლეთ თითოეული განცხადება, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულმა პირებმა ჩვენ არ მოგვმართეს, ჩვენ დავინახეთ გარკვეული დანაშაულის ნიშნები ინტერნეტ საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებში და ფაქტობრივად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრო გამოძიებას დაიწყებს.
როდესაც მსხვერპლები მითუმეტეს ქალბატონები, სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ თამამად, როგორც პასუხისმგებლიანი უწყება, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავს ვალდებულად თვლის, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს და ვნახოთ, გამოძიებით რა დადგინდება.
დავკითხავთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ამასთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს, ვინც შესაძლოა, ინფორმაციას ფლობდეს და შემდგომ უკვე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“,- განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
მეზვრიშვილმა მოუწოდა ქალებს, რომლებიც სექსუალური შევიწროების შესახებ ისტორიებს ანონიმურად ყვებიან, ითანამშრომლომ გამოძიებასთან, რომ მაგალითი მისცენ სხვა ადამიანებს.
ქალთა მოძრაობისწევრებმა სახალხო დამცველის მიერ დასახელებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, რის გამოც, მან კანდიდატურა მოხსნა.
ასევე, სიდა-ს გამგეობამ ერთხმად დააკმაყოფილა ზვიად დევდარიანის განცხადება უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით.