ახალი ამბები მთავარი სამართალი

სუბარი: არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე, ნაწილი არ არის დარჩენილი, რომ წამების კვალი არ აღენიშნებოდეს

არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე, პრაქტიკულად, ნაწილი არ არის დარჩენილი, რომ წამების კვალი არ აღენიშნებოდეს – აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. სუბარის თქმით, ის ექსპერტიზის დეტალების განხილვაში არ შევა და თუ საჭიროდ მიიჩნევენ, ოჯახის წევრები თავად გამოაქვეყნებენ ექსპერტიზის დასკვნას.

„მე არ ვილაპარაკებ გამოძიების და ექსპერტიზის დეტალებზე. პირველივე წუთებიდან ვთქვით, რომ ოჯახის მიერ ნდობაგამოცხადებული ექსპერტი სახელმწიფო ექსპერტებთან ერთად ესწრებოდა თითოეულ დეტალს, რაც ექსპერტიზას უკავშირდებოდა.

ასე რომ, ოჯახი და ექსპერტი თვითონ გადაწყვეტენ, გამოაქვეყნონ ყველა ის დეტალი, რომელსაც ჩათვლიან, რომ გარკვეულ ეტაპზე ამის გამოქვეყნება და საზოგადოებამდე მიტანა არის მნიშვნელოვანი. ზოგადად, რა თქმა უნდა, ვიტყვი, რომ მიცვალებულს ძალიან სერიოზული წამების კვალი აღენიშნება. პრაქტიკულად, სხეულის ნაწილი არ არის დარჩენილი, რომ ეს კვალი არ აღენიშნებოდეს. ამაზე შორს მე ამ ეტაპზე აღარ წავალ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ამა წლის 23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში მოკლეს. არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან – ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს, რომლებიც გასულ კვირას გაათავისუფლეს, თუმცა ოკუპირებული ახალგორის დატოვების შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მისცა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26 დღის შემდეგ წითელი ჯვრის ორგანიზაციის მეშვეობით გუშინ გადასცეს.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

იტვირთბა....