ესტაკადის მშენებლობის წინააღმდეგ, რომელიც იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება, პეტიცია შეიქმნა, რომელსაც უკვე 9000 ხელმოწერა აქვს.
პეტიციის თანახმად, ამ წლის იანვარში კარტოზია-ცინცაძის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში მშენებელი კომპანია უკვე შერჩეულია და მშენებლობისთვის საჭირო დეტალური აზომვითი სამუშაოებიც დაწყებულია.
“წინასაპროექტო კვლევა 2015 წელს შესრულდა და მხოლოდ ორგვერდიან დასაბუთებას მოიცავს, რომელიც სპეციალისტების აზრით ზედაპირულია და არ შეესაბამება თანამედროვე ქალაქგეგმარებით ნორმებს/ეტაპებს. მაგალითად არ მომხდარა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, არსებული და საპროგნოზო სატრანსპორტო ნაკადების შესწავლა და ა.შ.
13 მარტს სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საინიციატივო ჯგუფმა წერილობით მიმართა ქალაქის მერს და მოითხოვა ამ პროექტის განხორციელების აუცილებლობის უფრო მეტი დასაბუთება.
კამპანია SOS იპოდრომი წარმოადგენს არამარტო ურბანულ საკითხებზე მომუშავე ადამიანების, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებას, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია ე.წ. ესტაკადის მშენებლობა ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეკრეაციულ სივრცეში, რადგან ეს უარყოფითად იმოქმედებს იპოდრომის, როგორც საჯარო რეკრეაციული სივრცის მიმზიდველობაზე და ისედაც დაბინძურებულ გარემოზე.
ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო ვერსიაში, ტერიტორია რომელიც განადგურდება ესტაკადის მშენებლობისათვის, და ასევე თვით იპოდრომი, წარმოადგენს სარაიონო მნიშვნელობის მქონე მწვანე სივრცეს. ვინაიდან ჩვენი ქალაქის მწვანე სივრცეები უფროდაუფრო მცირდება, მიგვაჩნია, რომ იპოდრომის ტერიტორიის თითოეული კვადრატული მეტრი მწვანე სივრცე მოსაფრთხილებელი და განსავითარებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია ამ პროექტის დაუყოვნებლივ შეჩერება. უმოქმედობის დრო აღარ გვაქვს – დროა ვიმოქმედოთ იპოდრომის გადასარჩენად”, – აღნიშნულია პეტიციაში.